აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში” ამბობს, რომ არ ეთანხმება კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტი გადაიხედება. ელჩი ამით ოცნების მიერ მომზადებულ პროექტს ეხმიანება, რომელიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას ეხება.
“მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე.
რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი უკიდურესად დამაზიანებელი იქნება”, – ამბობს დეგნანი ფორმულასთან საუბრისას.
ამავე ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი “ჩიხში არ არის”.
“არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პარტია, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და ცდილობს, რომ პროცესი წინ წაწიოს. რაც ახლა გვჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობა, რათა გადაიდგას ნაბიჯი გამოსავლისკენ. იმედი მაქვს, მხარეები ამას შეძლებენ და საქართველოს ინტერესებს, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ”, – აცხადებს ელჩი დეგნანი.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ რეგისტრაციის გაუქმების და დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს, სანამ მას ეუთო განიხილავს.