არ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, სასამართლო არ არის მზად ბერას გასასამართლებლად – ხვიჩია

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერების საქმის გამოძიებას არ ითხოვს, რადგან სასამართლო ბერა ივანიშვილის გასამართლებისთვის მზად არა არის.

“მე, მაგალითად, არ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, ამას არ გააჩნია შინაარსი, ეს არის კონცერტის ნაწილი. რომ გაამართლოს საგამოძიებო უწყებამ, ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ასე იყო, რომ გაამტყუნოს, ამას დაიჯერებთ, რომ ეს მურუსიძემ თავისით გადაწყვიტა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავს ვიტყუებთ, ხომ ვიცით, რომ ჩვენი სასამართლო ახლა არ არის ბერას გასასამართლებლად მზად,” – თქვა იაგო ხვიჩიამ რუსთავი 2–თან საუბრისას.

ცნობისთვის, TV პირველმა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში საუბარია Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის ადამიანებზე ანგარიშსწორებაზე. მის ავთენტურობას არ უარყოფს თავად ბერა ივანიშვილი. პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრების უნებართვო ჩაწერაზე, გამოყენებასა და გავრცელებაზე დაიწყო.