უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ეხმიანება და ამბობს, რომ პრეზიდენტს სავარაუდოდ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა.
,,გვესმის, რომ ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, პრეზიდენტს რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე, რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ, მათი ყოფნა პოლიტიკაში”,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მათი ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით პრობლემას არ შეუქმნიდა
,,არც იმას იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო მეორე ნაწილი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული“, – თქვა ,,ქართული ოცნების” ლიდერმა.
მანვე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მას მითითების მიცემას ვერ აკადრებდნენ.
,,ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო, რა არის ხელისუფლების დანაწილება, პრეზიდენტი არის გამიჯნული ხელისუფლებისგან და ასეც უნდა იყოს და შესაბამისად, ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს რაიმე მითითების მიღებას და აზრადაც არ გაგვივლია ასეთი რამე”,- თქვა კობახიძემ.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მათ გათავისუფლებასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ოპოზიცია და ევროპარლამენტართა ნაწილი ითხოვდა.