პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ შეიძლება ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნას, რომ პროცესები უმართავი გახდეს, მაგრამ ამას ივანიშვილი ვერ აცნობიერებს.
“თუ ხელისუფლება გამოსავალს არ მოძებნის და ადამიანებს კონკრეტულ შედეგს არ დაანახებს, მათ რწმენა აღარ ექნებათ ამ ხელისუფლების მიმართ, ეს ერთი. და მეორე, არ მინდა დრამატიზირება სიტუაციის, მაგრამ შეიძლება სიტუაცია ისეთ მდგომარეობამდე მივიდეს და ისეთ პიკს მიაღწიოს, შემოდგომისთვის, ეკონომიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ, შეიძლება, ჩვენ პოლიტიკოსები ხალხის რისხვას ვეფარებოდეთ, რომ ხელისუფლებისკენ არ იყოს გამოხატული დიდი დოზით და ვეღარაფერი შევძლოთ. იმდენად შეიძლება უმართავი გახდეს ყველაფერი. ამას ვერ აცნობიერებს ვერც ივანიშვილი და ვერც გახარია”,– ამბობს ოქრუაშვილი ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ესმის, რა ტიპის არჩევნებთან აქვს საქმე.
“ცვლილება იქნება. არ იქნება ამ შემოდგომაზე? იქნება გაზაფხულზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ხელისუფლებამ მშვიდად არ გააგრძელა ქვეყნის მართვა და ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც აუცილებლია ქვეყნისთვის, პოლიტიკური კრიზისი იქნება გარდაუვალი”,– აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას მყარი უმრავლესობის შექმნის რესურსი არ აქვს.