„არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს“ – გომელაური შოვის ტრაგედიის შემდეგ პირველად გამოჩნდა და შოვში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში შოვის ტრაგედიის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის შოვში ჩავიდა, სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერა და  ძებნა-შველის სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.
ვახტანგ გომელაური სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მეხანძრე-მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაესაუბრა, სამუშაო შეხვედრა საველე შტაბშიც გამართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას გომელაურმა თქვა, რომ არ იყო საჭიროება, რომ სტიქიის ღამეს გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. სწორედ ამიტომ შეჩერდა მისი თქმით  ღვარცოფის პირველ ღამეს სამაშველო ოპერაცია.

„ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული, არ შეიძლება, უბრალოდ“, – თქვა გომელაურმა, რომელიც პირველად ჩავიდა შოვში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ. როგორც მინისტრმა თქვა, ის მხოლოდ გუშინ დაბრუნდა საქართველოში თურქეთიდან, სადაც „ძალიან მძიმედ“ ავადმყოფ მამას ახლდა თან.

მისივე თქმით, რელიეფი, ხეობა და მთები დამატებითი სარისკო ფაქტორებია.

გომელაურის თქმით, ვერტმფრენს სტიქიის ზონაში დროულად ჩავიდა. მაშველები ადგილზე სამ საათში ჩაფრინდნენ, რის გამოც სტიქიაზე სამაშველო სამსახურის რეაგირებამ კრიტიკა მიიღო.

„ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, ამას მომზადება სჭირდება“, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს და დაამატა: „მეორე, ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, შუაში, სადაც კუნძულზე 70 ადამიანი იყო, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას, მეორე მხარეს, სადაც ფერდობზე იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო და აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ეს ადამიანები“.

მინისტრმა განმარტა, რომ ახალი სამი ვერტმფრენი სახელმწიფოს უკვე შეძენილი აქვს და პირველს ქვეყანა 2024 წლის მარტში მიიღებს. დანარჩენ ორსაც მომავალი წლის ბოლომდე.

„ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?! რიგებია და სადღაც ერთი წელი ვმუშაობდით თითქმის, თვეებია ვმუშაობთ. დაიძრა უკვე. უკვე ნაყიდი გვაქვს. სწავლება უნდათ პილოტებს და ა.შ.“ – თქვა გომელაურმა და დაამატა, რომ არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად „აბსოლუტურად გამართულია“ და იგივე შეუძლია, რაც ახლებს.

წინასწარი მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა „მოწყობილობები დავაყენოთ“ ბუნებრივი კატასტროფები არის „წამების თემა“, რადგან „კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი“ ვართ.

„ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით, ყაზბეგამდე. სულ ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, მაგას ვერ გავექცევით სამწუხაროდ. მსოფლიოშია მასე, რაც მოხდა ჰავაიზე, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია, ხდება ხო, ამერიკაა ხო, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანა, ვერტმფრენებიც ჰყავთ ჩვენზე მაგარი, ავიაციაც, მაგრამ მოხდა, ხდება, ნუ ბუნებაა, რა ვქნათ, სამწუხაროა, დიდი უბედურებაა“, თქვა მან.