თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკრიტიკა იმუნოლოგ დავით ნანობაშვილის განცხადება, რომ ნიკა გვარამიას კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მას არ უმკურნალებს.
ეზუგბაიას თქმით, ,,პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია და მას სხვა კრიტერიუმი არ სჭირდება.”
„წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს. გილოცავთ ძალიან დიდ დღესასწაულს, რომელსაც ბზობა ჰქვია. ქრისტიანი ადამიანი უარს არასდროს არაფერზე ამბობს, მითუმეტეს ქრისტიანი ექიმი. შენი მტერი უნდა გიყვარდესო და პაციენტი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც დახმარება სჭირდება. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესზე ვსაუბრობთ და არც სხვა დეტალებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია, მას სხვა კრიტერიუმები არ სჭირდება. ის არის ავად და ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ის ჩვენი მეგობარი იქნება, მტერი თუ ვინ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ლევან ნანობაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანიც. მისი თქმით, ერთი პრინციპი აქვს ცხოვრებაში – რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე.
,,მე სულით ვარ ექიმი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.. ერთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში – რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე”,- თქვა რატიანმა.
თავად იმუნოლოგი ლევან ნანობაშვილი აცხადებს, რომ ამ განცხადებას არ ნანობს და არც ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს.
,,რა შუაშია ჰიპოკრატეს ფიცი? მე მაგალითად, ვინმემ რომ მლანძღოს და მაგინოს და მერე მოვიდეს, მიმკურნალეო, შეიძლება არ ვუმკურნალო. აბსოლუტური უფლება მაქვს. აქ ჰიპოკრატეს ფიცი არაფერ შუაშია. ჰიპოკრატეს ის კი არ უთქვამს, რომ შენ რომ ვიღაცა ტყვიას გესვრის და გაგინებს იმას აუცილებლად უმკურნალეო”,- აცხადებს ნანობაშვილი.
მანამდე მან ,,პოსტივის” ეთერში თქვა, რომ არანაირი ვალდებულება არ აქვს ნიკა გვარამიას უმკურნალოს თუ ის დაინფიცირდება. ,,ყველა ექიმი გამწარებულია გვარამიაზე, 30 ოყნა გამოწერილი აქვს დღეში”,- თქვა ნანობაშვილმა.