“დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე-მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ, საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ. ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ, პროკურორ, მოსამართლეებს (ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა… არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო. არც შურისძიება შემიძლია.

და აღმოვაჩინე ისევ, ჩემს თავში, რომ მიუხედავად იმისა, არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე, რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ – არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ! ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას, განსაკუთრებით ისინი, მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის, რაც გავიარე!

მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა, სიკვდილის წინაშე მყოფი, თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია! არ მომეწონებოდა, ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე! მზარავს ის ადამიანები, რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე! არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი – თავად ხარ ადამიანი”

წერს პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკა ბესელია Facebook-ზე.