“ეს არის მანიპულაცია, რომელიც რა თქმა უნდა, არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიცი იწყება იმით, რომ ის იღებს ვალდებულებას დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც ასეთი მანიპულაციაა, რომ თითქოს, 78-ე მუხლი იმაზე საუბრობს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა აკეთოს, ეს რა თქმა უნდა, არ არის, არც სიტყვა-სიტყვით არ არის და არც არანაირი მნიშვნელობა ამ მუხლის. […]
როცა პრეზიდენტი, რომლის ფიცი იწყება სწორედ, რომ კონსტიტუციის ერთგული უნდა იყოს, ასე აშკარად და უხეშად არღვევს კონსტიტუციას. ჩვენ, ჩვენ წარსულში პრეზიდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოცდილება გვქონდა. მათ შორის ერთი პრეზიდენტი ყოფილი დღეს სასჯელს იხდის, იმიტომ რომ სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინა. მე არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას, და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა. კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი პატივს არ სცემს ქვეყნის ძირითად კანონს და პატივს არ სცემს ქართველ ხალს, რომელმაც ეს წესი შეიმუშავა.
ამიტომ ქართველი ხალხის აშკარა უპატივცემულობა და იმის თქმა, რომ არაფრად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს თუ რა წესი დაადგინა ქართველმა ხალხმა, ის მოქმედებს საკუთარი წესებით, ეს არის სწორედ არაევროპული ამ ყველაფერში. თუკი რაიმე არის შორს ევროპისგან, ეს არის ის საქციელი და ქმედებები, რომლებსაც ვხედავთ საქართველოს პრეზიდენტისგან”.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.