რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაფრის ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება “შეკერილია”.
მან ბორტზე მყოფ მგზავრებს მოუბოდიშა და თქვა, რომ მის გამო ამ ადამიანებს დისკომფორტი შეუქმნეს.
“ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად, ერთი რეისით მოფრინავდნენ, ასევე ათასობით ადამიანს, რომელიც სხვა რეისებით მიფრინავდა ვნუკოვოში და დისკომფორტი შეექმნათ… ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს იმას თუ რა ხდება რუსეთში. ამან განაპირობა ჩემი დაბრუნება და გადაწყვეტილება. ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩამოვედი და ეს ჩემთვის საუკეთესო დღეა ბოლო 5 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ძალიან მაგარი ქვეყანაა და მადლობას ვუხდი ადგილობრივ ექიმებს ყველაფრისთვის.
ვიცი, რომ ვარ მართალი, ვიცი, რომ ყველა ბრალდება არის მოგონილი, მე მშვიდი გულით გავალ საპასპორტო კონტროლზე და წავალ სახლში. არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ რომ არ გეშინოდეთ”, – განაცხადა ალექსეი ნავალნიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ნავალნი მოსკოვში ჩავიდა.