”არ მინდა სამძიმარი” – ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია, შვილის სიკვდილთან დაკავშირებით, სამძიმრის მიღებაზე უარს აცხადებს.
- „არ მინდა არავითარი სამძიმრის სიტყვების მოსმენა. ვნახეთ შვილი კოლონიაში, 12 თებერვალს პაემანზე ვიყავით. ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე“, – მედიის თანახმად, ლიუდმილა ნავალნაიამ ამის შესახებ თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა.
ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.
“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააკავეს. ნავალნი ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.