არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში! ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი. ” – ირმა სოხაძე რუსულ კანონზე

”არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში! ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი” –  ამის შესახებ, ”კვირის პალიტრასთან“ საუბარში მომღერალმა და ტელეკომპანია POSTV-ის  წამყვანმა  ირმა სოხაძემ განაცხადა, რომელიც მანამდე პროსახელისუფლებო პოზიციებით გამოირჩეოდა.

”მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის.

პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგებით. შეიძლება ვიღაცამ მართლაც ისარგებლოს, ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგეს და იმაზე უარესი შედეგი მივიღოთ, ვიდრე იმ ფულის აღმოჩენა თუ ამ კანონის მიუღებლობა იქნება. ჩვენ იქ ვცდებით, როდესაც განსხვავებული აზრისა და კუდიანების დევნას ვიწყებთ, შეთქმულების თეორიებს განვიხილავთ. აქ არ არის განსხვავებული აზრი, აქ ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენი მომავალი – ევროპისკენ სვლა კონსტიტუციით, 78-ე მუხლითაა დამტკიცებული.

ნუ დავყოფთ, რომ თითქოს ახალგაზრდებს უნდათ ევროპა და ჩემს თაობას კი – რუსეთი. არა, ბატონო, მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში და ვიცი, რაც არის, და როგორღა უნდა მინდოდეს იმ წარსულში დაბრუნება? ვინ დაგვაბრალა ეს ჩემს თაობას? ეს არ არის თაობათა ომი და საერთოდ, ეს არავის ომი არ არის. შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც აუცილებელია, მაგრამ არ მინდა ყველა ნიუანსი ვიცოდე ქვეყნის შუაზე გახლეჩის ფასად. ხომ გახსოვთ, რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე? მართლაც გვჯეროდა, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია“ და უცებ კვლავ შუაზე რატომ გავიხლიჩეთ?

ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი. გავიგოთ, რომ ყველა ვართ ერთ აზრზე! რაც უფრო მალე გავიგებთ და ვაღიარებთ, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც”, – თქვა სოხაძემ.