არ მოხდება თერაპიის სეანსების შეწყვეტა, გადანაწილდებიან – მერია ცენტრის ბენეფიციარებზე

თბილისის მერია ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, თუ ცენტრი ვერ მოახერხებს ბენეფიციარების შესაბამისი ფართით უზრუნველყოფას, ბავშვები მერიის სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან.

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დადგინდა.

იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამით მომსახურება, ჯამში, 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა დაწერა, რომ მიიღეს ინფორმაცია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დახურვასთან დაკავშირებით.

”SOS! მეგობრებო, მძიმე სტატუსს გაკითხებთ და წინასწარ გიხდით ბოდიშს თუ გადავაჭარბებ, მაგრამ გთხოვთ ყველამ წაიკითხეთ და გააზიარეთ.
შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის, საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე, დანგრევა! უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე. აგიხსნით ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვიდ სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონესთვის დიალეზის არ გაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ამ თერაპიების გარეშე წაერთმევათ სიმწრით გამომუშავებული ყველა სოციალური, ყოფითი, კვებითი, ქცევითი, აკადემიური უნარი! ისინი ამ თერაპიების გარეშე აღმოჩნდებიან საკუთარ მდგომარეობასთან პირისპირ სრულად უძლურები, მშობლების ანაბარა, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია თავი გაართვან ამ ყველაფერს, აქ აღარაფერს დავწერ მათი უმეტესობის უკიდურეს სიდუხჭირეზე.
ხალხო, მეგობრებო, ადამიანებო, გესმით რასთან გვაქვს საქმე სახელმწიფოს მხრიდან?
გუშინ ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სახელმწიფოს ხარჯით საკუთარი ჯანმრთელი, ნიჭიერი, უკვე სრულწლოვანი და დამოუკიდებელი შვილი თვითმფრინავით აფრინა საუკეთესო უნივერსიტეტში და ჩვენ, ვისი შვილებიც არასდროს გახდებიან სტუდენტები გვისპობს ერთადერთ საშუალებას სულ მცირედი მივიღოთ, როგორმე მშვიდად შეძლონ არსებობა ჩვენმა შვილებმა.
არ არსებობს არანაირი გეგმა, არანაირი შემოთავაზება და ალტერნატივა, იმის ღირსადაც არ ჩაგვაგდეს, რამდენიმე დღით ადრე გავეფრთხილებინეთ. ადგილის შეცვლასაც უმძიმესად გადაიტანენ ბავშვები, მათთვის რუტინას და მონიშნულ ტერიტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არც რაიმეს გვთავაზობენ. ანგრევენ ილიაუნს და ვყვებით ამ ნანგრევებში, როგორც ყველაზე დაუცველები.
ახლა, რატომ ანგრევენ ილიაუნს, ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ აქ უამრავი კითხვის ნიშანია, მაგრამ სამხარაული წერს, რომ შენობა იმდენად ავაროულია, მისი ექსპლუატაცია შეუძლებელია, რემონტიც, მხოლოდ ნგრევა, იქნებ ეს მართლაც ასეა, როგორ გინდა აქ სიმართლე ეძებო?! რა გინდა ქნა? მაგრამ ისიც ხომ ვიცით როგორ ებრძვის უკვე დიდი ხანია ამ უნივერსიტეტს ხელისუფლება. ჩვენ წარმოდგენაც არ გგქონია რა საშიშ, მანიპულატორ, ბოროტ, უსულგულო, ხელუსუფლებასთან გვაქვს საქმე.
მოკლედ, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს ამ წამს თავში, რომ უნდა მოვითხოვო თავშესაფარი. მაგრამ იქამდე, ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს გთხოვთ დაინტერესდეთ ამ ამბით.
ჩემს კოლეგა თეატრალებს, ვინც პირმცინარენი უსხედხართ ამ ხელისუფლების სიმბოლოს წულუკიანი თეას სახით, არ გამიბედოთ მოსალმება.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, დანა რომ დამარტყან სისხლი არ წამომივა, თუმცა დამარტყეს და ეგაა, არც ცრემლები მომდის, მხოლოდ ამ სტატუსის წერა შემიძლია ამ წუთას და რაღაცას ველი თქვენგან ვინც ახლა ამას კითხულობთ. სულ მცირე ის მაინც გაიაზრეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველას გაგითენდებათ ასეთი დღე და ეს რომ არ მოხდეს უნდა შევძლოთ და ამ ბოროტებას დავუსვათ წერტილი.
მე ვიცი რომ დედები ხვალიდან მოვიკრებთ ძალას და ყველაფრის ფასად, ყველაფრის, შევეცდებით ჩვენი შვილებისთვის ასე მხეცურად წაგლეჯილი და პრინციპში ერთადერთი სოციალური სივრცე მოვიპოვოთ, ვიცი რომ დავიგლეჯთ უკანასკნელ ნერვს, გავათენებთ ღამეებს, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ დამპალ სახელმწიფოში სხვადასხვა პრობლემის მქონე შვილების დედებს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, ჩვენ თუნდაც ყველაფრისშემძლეებივით აღქმულები ერთ დღეს უბრალოდ ქანცში გავწყდებით. მიაწვდინეთ ხმა ყველას, დაგვიდექით მხარში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია და შეძლო ყველაზე დაუცველი ადამიანების გათელვა, ამის იქით თქვენთვის მომინდია იმის წარმოდგენა რა შეიძლება მოხდეს.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკა, როგორც სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 2014 წელს დაარსდა. კლინიკაში სხვადასხვა ცენტრია გაერთიანებული. მათ შორისაა ადრეული განვითარების, განსაკუთრებულ მოსწავლეთა დახმარების, აუტიზმისა და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების პროგრამები, სადაც ჩართული არიან 0-18 წლამდე სპეციალური, განსაკუთრებული საჭიროების მქონე, რისკჯგუფებში მყოფი ბავშვები და მათი მშობლები.