არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები – ვაშაძე პარლამენტის დატოვებაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება შეთანხმებას დაარღვევს, ამას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შესაბამის სანქციები მოჰყვება.

ის ასევე ეხმიანება მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ოპოზიციამ ასეთი გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ უნდა მიიღოს.

“თუქართული ოცნება ფუნდამენტურად [შეთანხმების] დარღვევის გზას დაადგა, შესაბამისი სანქციები, წინაპირობები ექნება საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას. ამას უკვე იხილავს ევროკავშირიც და ეს დადასტურდა სენატორების განცხადებებით, რომელიც გააკეთეს, რომ დიახ, წინაპირობები იქნება მაკროფინანსურ დახმარებაზე.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუხსნი ჩემს სტრატეგიას და ხედვას. მე ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები. პირველ რიგში ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან, რომლებიც გარანტი არიან ამ შეთანხმების, მათთან ერთად უნდა გავიაროთ ეს საკითხი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მოსამართლეთა დანიშვნის არშეჩერების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვების ინიციატივა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გამოთქვა. მას დაეთანხმა დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც.