თუ არ შეჩერდება მოსამართლეთა დანიშვნა, დავტოვოთ პარლამენტი! – ოქრიაშვილი

“ენმ – ძალა ერთობაშიას” დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება, პარლამენტი ოპოზიციამ უნდა დატოვოს.

მისი თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის არშეჩერებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი “არალეგიტიმური ნაბიჯი და გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ.”

“გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას.

მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური! შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას!

ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში!”,– წერს ოქრიაშვილი.

მოსამართლეთა დანიშვნის არშეჩერების შემთხვევაში, პარლამენტის დატოვების ინიციატივა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გამოთქვა.