პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება პროკურატურის განცხადებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ხვიჩიას აზრით, მთავარი პრობლემა არა მათი საუბარი, არამედ ისაა, რომ მათ ლეგალურად უსმენდნენ.
“მთავარი პრობლემა ის არ მგონია, რომ ბერა, ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ელაპარაკებიან ერთმანეთს 2011 წელს. მე მთავარი პრობლემა მგონია ის, რომ გუშინ პროკურატურას მიეცა საშუალება, ეთქვა, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე ჩაწერილია ლეგალური მოსმენის ფარგლებში. მაგ საფუძვლებით, რითაც უსმენდნენ, არ უნდა მოესმინათ და ეს ჩანაწერები არ უნდა არსებულიყო. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ასეთი ჩანაწერები დგებოდა”,– ამბობს ხვიჩია TV პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, ქართული სპეცსამსახურების აპროპირებული მეთოდია, რომ საქმე აღძრან და ადამიანებს ლეგალურად მოუსმინონ. ამის მაგალითად ხვიჩია ამბობს, რომ წელიწად-ნახევრის წინ მას, ვახო მეგრელიშვილის მეუღლესა და ზურა ჯაფარიძეს უსმენდნენ.
“სპეცსამსახურები თურმე ასე მუშაობდნენ მაშინაც და ასე მუშაობენ დღესაც და ეს ტრადიცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს დამკვიდრდა, გაგრძელდა მერეც. რომც ჩვეულებრივად გააკეთონ ფორმალური საქმის აღძვრები, რომ მერე ეს რაღაცები გქონდეს”,– ამბობს ხვიჩია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ საქმეში “ჩასაფარცხი არაფერი ყოფილა, რომ ვინმეს ჩაფარცხვის მიმართულებით ევლო, ამიტომ “პროკურატურას ყურადღება გადააქვს საინტერესო თემებიდან”.