არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება – ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

“არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება “- ასე პასუხობს, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

„ერთი- ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ პრეზიდენტის განცხადება აღიქმებოდეს, როგორც ძალადობის წახალისება, ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს მესიჯი ასე აღიქმება.

„ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ ერთი ერთზე ფიზიკური დაპირისპირება უფრო მისაღებია, ან ჯდება ქართულ ტრადიციებში, ეს მსოფლომხედველობა შესაცვლელია. ჩვენს საზოგადოებაში შესაცვლელია წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა ერთი- ერთზე იქნება თუ ჯგუფური, ეს არის კრიმინალი და მიუღებელია. ვაჟკაცობა გამოიხატება არა ძალადობაში, ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებაში, არამედ სხვა ღირებულებებში: სამშობლოს სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვაში და ასე შემდეგ“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჯგუფური ძალადობა მიუღებელი, არაქართულია და ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ“.