არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური, თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილის ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება. სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული. ადამიანს შეუძლია უბრალოდ მეტი შეჭამოს და მისი ე.წ პრობლემა აღმოიფხვრას და თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს და ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ იმიტომ, რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრება. სინამდვილეში, შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებისგან ყოველთვის, მაგრამ რეალობა არის სხვა. არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები თუ მუქარები არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი.
ამის შესახებ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.