“ზოგადად, ნებისმიერ ვითარებაში, ომი იქნება თუ მშვიდობა, რაციონალურობა და პრაგმატულობა ძალიან კარგი არის, რადგან გეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ამ გადაწყვეტილებების შესრულებაში. თუმცა ყველას და ყოველთვის არ შეუძლია ამის გაკეთება. მე არ შემიძლია, ვიყო რაციონალური და პრაგმატული, როცა საკითხი უკრაინას ეხება, იმიტომ რომ უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და ის რაც სტკივა მათ, ზუსტად ისე მტკივა მეც. უბრალოდ არ შემიძლია ვიყო პრაგმატული, რადგანაც იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიღუპა 16 ბავშვი.
დრო უტყუარად მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს – ვინ იყო აგრესორი, ვინ იყო თავისი სამშობლოს დამცველი, ვინ იყო პრაგმატული და ვინ ცდილობდა, გამოეყენებინა ომი თავისი პირადი თუ პოლიტიკური მიზნებისათვის. მოხდება აუცილებლად, თუმცა ამას დრო დასჭირდება, ეს დრო კი არ გვაქვს. მე პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო. ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი, საქმიანი, კონკრეტული ნაბიჯის გადადგმით გავაკეთოთ, ჰუმანიტარული დახმარებით გავაკეთოთ, გადაუდებელი, სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზაციით და გაგზავნით გავაკეთოთ. ამიტომ დრო სანამ მიუჩენს ადგილს, ვეცადოთ, რომ ყველა ვიყოთ პრაგმატულობი, თუმცა მე ამის პირობას ვერ მოგცემთ. ყველაფერს გავაკეთებ ამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ღმერთი ჰფარავდეს უკრაინას”
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.