“არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო “მოსამართლე” ჩხიკვაძეს” – გვარამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

“არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო “მოსამართლე” ჩხიკვაძეს” – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და “მოსამართლე” ჩხიკვაძეს “მადლობას” უხდის.

”შექმნილ ვითარებაში, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო “მოსამართლე” ჩხიკვაძეს. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ ბედის უკუღმართობით, ამ ყველაფერში მისი როლი გადამწყვეტი აღმოჩნდა 🙂

P.S. მგონი შორს არაა ის დრო, როდესაც “მოსამართლე” ჩხიკვაძეს ჩანერგილ ნაცად გამოაცხადებენ”, – წერს ნიკა გვარამია.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ცალკე პუნქტი დაეთმო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის მიმართ გამოტანილ განაჩენს.  დოკუმენტში გვარამიას საქმესთან ერთად განხილულია,  5 ივლისის,  “ფორმულასა” და “TV პირველის” დამფუძნებლების საქმეები.

“ვგმობთ 2022 წლის 16 მაისს მთავარი პროოპოზიციური ტელეარხის მთავარი დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის განაჩენის გამოტანას, რომელიც ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ; ვუერთდებით ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის გადახედვის შესახებ; კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გადაუდებელ აუცილებლობას, რომ მთავრობამ განახორციელოს სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად” –  ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.