საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება არჩევნებამდე ორი დღით ადრე „ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეუშალოს მედიასაშუალებას ხელი საქმიანობაში.
“მედიასაშუალების გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში”,- წერია ქარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, “თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
მედიამენეჯერები ვარაუდობენ, რომ ამ სარჩელით ხელისუფლებას კეზერაშვილისთვის ფორმულას წილის დაყადაღება სურს.