ასეთია ატმოსფერო, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიციები გაცვალეს.

“ვერანაირ კონკრეტიკაში ვერ შევალ, პირველი შეხვედრა იყო, მადლობა აშშ-ს ელჩს და ევროკავშირის ელჩს, რომ მათი ფასილიტაციით მოხდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა, ოპოზიციურმა პარტიებმა მოვყევით, ჩვენ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ გვაქვს გაცხადებული. და იყო ხელისუფლების წარმომადგენლის ხედვა, ისინი როგორ აფასებენ არჩევნებს.

ჩვენი ყველას სურვილი და ატმოსფერო ისეთია, რომ ყველა ვთვლით, პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი”,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

მანვე აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე შეთანხდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა კვლავ შედგება.