პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს აფასებს, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს.
მისი თქმით, პროტესტის ფორმა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ პროტესტის შინაარსი – აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური.
“როდესაც ადამიანმა მანდატი მოიპოვა იმ ხალხის ხმებით, რომელთათვისაც მისი საქციელი კატეგორიულად მიუღებულია, ის მათი მხრიდან დაგმობას იმსახურებს. ამ ადამიანს მინიმალური ღირსება რომ ჰქონოდა, თუ განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდა, უბრალოდ უნდა დაეტოვებინა მანდატი, რომელიც ახლა მოპარული აქვს.
ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროტესტის მიუღებელი ფორმის გამო შინაარსშიც იწყებს ამ სუბიექტის გამართლებას. ამ ლოგიკით შენდება მანკიერი სისტემა. ამ ლოგიკით გვყვანან დღეს მურუსიძე და მისი ძმები სამუდამო მართლმსაჯულების მედროშეებად.
“რაც არ უნდა ნაძირალა იყო, თუ მიშას შეაგინებ, უკვე ჩვენიანი ხარ…” რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის ნაც. მოძრაობის დღევანდელი წარმომადგენელი, უფრო მეტად აუტანელია ადამიანი, რომელიც მათ ხარჯზე ხელისუფლებაში მოიკალათებს. ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან, რომლითაც გაივსო ხელისუფლება”,– წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.