„ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“ – სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზიაზე სიმღერით Firefighter წარადგენს. კლიპის პრემიერა კონკურსის Youtube არხზე გაიმართა.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

„ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ საქართველო წელს წარდგება ძალიან ცეცხლოვანი ნომრით. ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. გპირდებით, რომ ლაივში გაცილებით მაგარი პერფორმანსით წარვდგებით“, – განაცხადა ნუცამ პრემიერის შემდეგ.

 

ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.