“ის, რომ ომი გართულდებოდა, ცხადი იყო. რუსეთის მეთაურობა წარსულ შეცდომებს ითვალისწინებს, მტრის ჯარიც იღებს საბრძოლო გამოცდილებას და ბრძოლას სწავლობს. ერთ მონაკვეთზე მტერმა თავი მოუყარა გამორჩეულ რესურსებს – ცოცხალ ძალას და ტექნიკას და წინ მიდიან, ისე რომ დანაკარგებს არარად აგდებენ. “- ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი, ეგორ ჩერნოვი და განმარტავს, რას ემსახურება უკრაინული ძალების ამჟამინდელი ტაქტიკა ბრძოლის ველზე, რა არის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი და როგორ მიაღწევენ მას:
“მეგობრებო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ როცა მტერი კიევთან იყო, ბევრი უფრო მხნედ იყო, ვიდრე ახლა, როცა დონბასში ცალკეული დასახლებული პუნქტებიდან უკან ვიხევთ, რომ ფრონტის ხაზი გავასწოროთ.
მოდით, ნუ გავიმეორებთ მოწინააღმდეგის შეცდომას და არ გვინდა მისი არასათანადოდ შეფასება. თავიდან მან ვერ შეაფასა სათანადოდ ჩვენი ძალები და ამის გამო დიდი ფასი გადაიხადა ომის პირველ ფაზაში, უზარმაზარი დანაკარგებით. შემდეგ ეს დაავადება ჩვენც დაგვემართა და ჩავთვალეთ, რომ მისი განადგურება ცალი ხელით შეგვეძლო. თუმცა, როცა დონბასში ზოგიერთი ტერიტორიიდან უკან დავიხიეთ, ბევრი დეპრესიაში ჩავარდა.
ის, რომ ომი უფრო რთული გახდებოდა, ცხადი იყო. ჯერ ერთი, რუსულმა სამხედრო მეთაურობამ წარსულის შეცდომები გაითვალისწინა და უფრო არასტანდარტულ გადაწყვეტებს ეძებს. მეორე: მოწინააღმდეგის ჯარიც იღებს საბრძოლო გამოცდილებას და ომს სწავლობს. და ბოლოს, ერთ მონაკვეთზე მათ თავი მოუყარეს გამორჩეულ ძალებს – ცოცხალი ძალით და ტექნიკით და წინ მიდიან, ისე რომ დანაკარგებს არაფრად აგდებენ.
მტრის ამოცანა ახლა არა იმდენად ახალი ტერიტორიების დაპყრობაა, რამდენადაც ჩვენი ჯარების ალაში მოქცევა და განადგურება. ჩვენი ამოცანაა მტრის შემტევი პოტენციალის განადგურება, მისი ჯარის მაქსიმალური დაზიანება და ამავე დროს, საკუთარი ჯარის შენარჩუნება.
იმ პირობებში, როცა მტერს რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობა აქვს საცეცხლე საშუალებებში, ჩვენ ისღა დაგვრჩენია მანევრირებითი თავდაცვა ვაწარმოოთ. ოკუპანტების მიერ აღებული ყოველი დასახლებული პუნქტი, ეს არის მინუს რამდენიმე ასეული, ზოგჯერ ათასი მისი ჯარისკაცი. ყოველი ჩვენი დროული გამოსვლა კრიტიკული პოზიციებიდან – ეს არის პლიუს რამდენიმე ასეული შენარჩუნებული ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე.
ასეთი ომის წარმოებას მტერი დიდხანს ვერ შეძლებს. რაც უფრო წინ მიდის, სულ ურო ნაკლები ხალხი და ტექნიკა რჩება, შევსება კი, რომელსაც იღებს ბევრად დაბალი ხარისხის არის.
ჩვენის მხრივ, ასეთი მანევრებით ჩვენ მტერს გამოვფიტავთ, სანამ მოკავშირეებისგან მძიმე შეიარაღებას არ მივიღებთ. უკრაინაში უკვე მოდის ჰაუბიცების დამატებითი პარტია. ახლო მომავალში აშშ გეგმავს ზალპური ცეცხლის სისტემები გამოგვიგზავნოს, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოწოდება დაჩქარდეს.
დახმარება გაიზრდება, და ძალთა ბალანსი აუცილებლად შეიცვლება. მაშინ ჩვენ დავიწყებთ იმის დაბრუნებას, რაც ჩვენია. დროა საჭირო. ჩვენი გამძლეობაა საჭირო. და გამარჯვების რწმენა. ავიყვანოთ თავი ხელში და მუშაობა განვაგრძოთ.“– წერს დეპუტატი ფეისბუქზე.