ასეთ დროს არ გვაქვს არანაირი ეფექტიანი მექანიზმი – ომბუდსმენი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე

“ასეთ დროს არ გვაქვს არანაირი ეფექტიანი მექანიზმი “- ომბუდსმენი ნინო ლომჯარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს ეხმაურება.

“რაც ყველაზე მეტად ართულებს ვითარებას არის ის, რომ რეალურად, მსგავსი ტიპის შემთხვევების დროს, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეფექტური მექანიზმი, როგორც სახელმწიფოს, რომ ასეთი ტიპის შემთხვევების დროს ქვეყანამ მოახდინოს ეფექტური რეაგირება.

ეს გულისხმობს იმას, რომ არ მუშაობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, ჟენევის ფორმატი, როგორც წესი მსგავსი შემთხვევების დროულად რეაგირების თვალსაზრისით, არ არის ეფექტური და რეალურად, ქვეყანა არის დარჩენილი ყოველგვარი ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე”.- განაცხადა ნინო ლომკარიამ.