“ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ“– ჯორჯ ბუში კაპიტოლიუმის შტურმზე

აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ უმცროსი განცხადებით გმობს კაპიტოლიუმის შენობის შტურმს და მას ამაზრზენს და სულის შემძვრელს უწოდებს.

მართალია ბუშს პრეზიდენტი ტრამპი არ უხსენებია, მის განცხადებაში ნათელი მინიშნებაა როგორც პირადად მასზე, ასევე რესპუბლიკური პარტიის სხვა წარმომადგენლებზე.

“შეძრული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგნური ქცევით არჩევნების შემდეგ და დღეს გამოვლენილი უპატივცემულობით ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკებში აპროტესტებენ და არა ჩვენნაირ, დემოკრატიულ ქვეყნებში“– თქვა ჯორჯ ბუშმა.

ოთხშაბათი, 6 იანვარი ამერიკის ისტორიისთვის მძიმე დღედ იქცა. არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ზედა და ქვედა პალატები ერთობლივ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად შეიკრიბნენ.

რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ შტურმის მონაწილეები კაპტოლიუმის შენობიდან გაყარეს.

კანონმდებლების ევაკუაცია დროულად მოხდა და ამომრჩეველთა კოლეგიის ბიულეტენების გადარჩენაც მოხერხდა, რომელთა დამტკიცება სხდომაზე უნდა მომხდარიყო.

ტრამპის მომხრეები კაპიუტოლიუმისკენ მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მათ ამისკენ თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ვაშინგტონის ცენტრში გამართულ მიტინგზე მოუწოდა. არეულობების დაწყების შემდეგ ტრამპმა მათ სახლებში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე გაიმეორა საყოველთაოდ მცდარად აღიარებული მტკიცება იმის შესახებ, რომ მას არჩევნებში გამარჯვება მოპარეს.