ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი უილიამ ანდერსი, რომელმაც მთვარის ირგვლივ ხომალდ Apollo 8ით იმოგზაურა და კოსმოსში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო გადაიღო, 90 წლის ასაკში მსუბუქი თვითმფრინავის კატასტროფისას დაიღუპა.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მისი თვითმფრინავი ვაშინგტონის შტატში, სიეტლის ჩრდილოეთით წყალში ჩავარდა.
ანდერსის ვაჟმა გრეგმა დაადასტურა, რომ მამამისი მსუბუქი თვითმფრინავით ფრენისას დაიღუპა და რომ მისი ცხედარი უკვე ნაპოვნია.
აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, თვითმფრინავი Beechcraft A45, რომელსაც 90 წლის უილიამ ანდერსი მართავდა, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:40 საათზე ჩამოვარდა. ის წყალში ჩავარდა ჯონსის კუნძულის სანაპიროდან დაახლოებით 25 მეტრში. თვითმფრინავის ვარდნის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
თვითმხილველმა ფილიპ პერსონმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ თვითმფრინავი რაღაც მარყუჟის მსგავს მანევრს ასრულებდა.
კატასტროფის ვიდეო კადრებში ჩანს, რომ პილოტი ცდილობს თავიდან აიცილოს შეჯახება ბოლო წამში, თუმცა თვითმფრინავი წყალში ვარდება, აალდება და იშლება.
1968 წელს ანდერსი იყოApollo 8-ის მისიის მთვარის მოდულის პილოტი. ეს იყო პირველი კოსმოსური ხომალდი ეკიპაჟით, რომელმაც მთვარემდე მიაღწია. ის იყო ავტორი საკულტო ფოტოსურათის “Earthrise” – რომელიც კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა.
ფოტო შობის ღამეს არის გადაღებული. მასზე გამოსახულია დედამიწა, რომელიც უსიცოცხლო მთვარის ზედაპირის ჰორიზონტზე ამოდის.
“ ჩვენ ეს გზა მთვარის გამოსაკვლევად გავიარეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღმოვაჩინეთ, დედამიწა იყო“, – თქვა მან.
მოგვიანებით ანდერსმა ამ ფოტოს უწოდა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი კოსმოსურ პროგრამაში.
ბევრი თვლის, რომ ამ სურათმა გამოიწვია გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობა და საფუძველი ჩაუყარა დედამიწის დღის მსოფლიო კამპანიას.