აუდიტი ამოწმებს ყველა სამსახურს, დარღვევას მოჰყვება რეაგირება – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

“აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი წლის წინ იყო თუ სამის. აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა კალაძემ.