შარფები, ძველი მაისურები და პლასტმასის სახურავებიც კი – ეს ყველაფერი გამოსადეგია. პარიზის სამხრეთით მდებარე ქალაქ სოს მაცხოვრებლებმა სხვადასხვა ხერხი მოიფიქრეს თავის დასაცავად და მერის დადგენილების შესასრულებლად: დამცავი ნიღბების ტარება აქ აუცილებელი გახდა. დამრღვევებისთვის კი 38 ევროიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.
“პირადად მე ვთვლი, რომ ჩვენს მთავრობას ყველა მოქალაქე უნდა დაევალდებულებინა ცხვირი და პირი დაიფარონ ქუჩაში გამოსვლისას. მაშინ არ გვექნებოდა პრობლემები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დადგენილებებთან და სხვადასხვა ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით. თუმცა თუ ცენტრალური ხელისუფლება ამას არ აკეთებს, მე როგორც მერი და ხელმძღვანელი საკუთარ მოვალეობად ვთვლი ასეთი წესი შემოვიღო“– ამბობს ქალაქის მერი ფილი ლორანი.
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ლიგა თვლის, რომ მერი უფლებამოსილებებს აჭარბებს. უფლებადამცველებმა სასამართლოს მიმართეს, რომელიც მომავალ კვირას განიხილავს, ქონდა თუ არა მერიას ასეთი განკარგულების გამოცემის უფლება და ხომ არ არღვევს ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
ქალაქის მაცხოვრებლებს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ზოგადად არაფერი აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მისი შესრულება სირთულეებს უკავშირდება – ნიღბები არ იშოვება. მათმა ნაწილმა ნიღბების მაგივრად შარფების გამოყენება დაიწყო. თვლიან რომ ეს უსარგებლოა, თუმცა ჯარიმის თავიდან ასაცილებლად გამოდგება.
სო ერთადერთი ქალაქი არ არის საფრანგეთში, ვინც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე მიიღო გადაწყვეტილება. ნიცა და კანი აპირებენ მის მაგალითს მიბაძონ. მთავრობაც , რომელიც ადრე ამბობდა, რომ ნიღბების ტარება სავალდებულო არ არის ახლა უკვე მოუწოდებს მოსახლეობას ინდივიდუალური დაცვის ეს საშუალება გამოიყენონ და საჭიროების შემთხვევაში თვითონაც დაამზადონ.