ეკონომიკის სამინისტრო ეხმიანება კომპანია ENKA-ს მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას, რის გამოც ნამახვანჰესი არ აშენდება.
უწყების განცხადებით, პროექტი კომპლექსურია, რის გამოც ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან.
“თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს”,– აცხადებს სამინისტრო.
მათივე განმარტებით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში განგრძონებ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, “რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის”.
“საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”,– წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.