აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

“კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც ორჯერ ორი ოთხია,  აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა. ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს,” – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, არჩევითად მკურნალობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ ამ სერვისს ვეღარ მიიღებენ.

რატიანის თქმით, გადარჩენის ამოსავალი წერტილი ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაა.

“სასწრაფო სამედიცინო დახმარება ახდენს ტრიაჟს და როგორც ახლა ხდება დაყოვნება, უარესად დაყოვნდება და ვერ მოხვდებიან მიზანმიმართული ჯგუფები კლინიკებში, ყველამ უნდა მოიფიქროს რაღაცა, პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მიზანმიმართულმა ჯგუფებმა მიიღონ სამედიცინო დახმარება. ამისთვის, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს,”- აღნიშნა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში, იტალიაში არსებული ვითარების გამო, იტალიელი ექსპერტებისგან, ექიმებმა რეკომენდაცია მიიღეს, რომ  ხანდაზმული პაციენტების გადარჩენაზე დეფიციტური რესურსები არ დახარჯონ და მათთვის გარდაცვალების საშუალება მიეცათ.