აფგან მუხთარლი თბილისშია და 8 აპრილს პრესკონფერენციას გამართავს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლი თბილისში იმყოფება და მისი თქმით,  , თბილისში პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა და სურს, რომ მისი საქმე გაიხსნას. მუხთარლი გეგმავს, რომ ხვალ, 8 აპრილს მივიდეს პროკურატურაში. ამავე დღეს, ის 11:00 საათზე  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენციას გამართავს.

“მინდა, რომ მივცე ჩვენება, როგორ გადამიყვანეს აზერბაიჯანში. მსურს ვაჩვენო გზაც. თვითონ უნდა ჰქონოდათ სურვილი რომ ჩამოვსულიყავი თბილისში და მეჩვენებინა დანაშაულის ადგილი. ეს მათი მოვალეობაა. ერთი წელი გავატარე ციხეში და როცა გამომიშვეს, მაინც არ გამომკითხეს. მინდა, რომ ჩემს საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, გახსნან, თუმცა პროკურატურის დიდი მოლოდინი არ მაქვს. ხვალ მივალთ პროკურატურაში, მივცემთ ჩვენებას, ერთხელ იყო შემთხვევა, რომ გადმომიგზავნეს კითხვები და პასუხებიც გავეცი, თუმცა ეს არ იყო დაკითხვა”, – ამბობს ის.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.