“აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც რძეში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს ” – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.
“აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც ‘სოფლის ნობათის’ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს” – განაცხადა იმნაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა ინსპექტორებმა 28 მარტს შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, “თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად”.