აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან მომიტინგეებმა ჭიშკარი ჩამოიღეს – მედიის ცნობით ბჟანია გაიქცა

სოხუმში მომიტინგეებმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ჭიშკარი ჩამოიღეს და ეზოში შეიჭრნენ – ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ სამთავრობო კომპლექსის ალყაში მოქცევას ცდილობენ. აფხაზეთის “ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები” აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ  მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შენობა დატოვა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტში სესია, რომელზეც ინვესტიციების შესახებ “აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირების” საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.  ე.წ პარლამენტის წევრებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ გადაიდოს სესია და ე.წ. დეპუტატებმა “კანონის” წინააღმდეგ მისცენ ხმა.