“აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ,თქვენ ტანკებით შეხვედით იქ” – ამის შესახებ,საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-თი ჩამოსულმა, რუსმა ტურისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, ”რუსეთი ოკუპანტი არ არის” და არაფერი იციან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამასთანავე კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტები აღნიშნავენ, რომ ”რუსეთი და საქართველო ერთიანი ქვეყანაა” და “ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ”.
“მთავარმა არხმა” რამდენიმე ტურისტი ჩაწერა:
- “აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი, არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი”, – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
- “1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ”, – ამბობს კიდევ ერთი ტურისტი.
ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავს, ბათუმშია. რუსი ტურისტების მოგზაურობის ფარგლებში იგეგმება სპეციალური საექსკურსიო ტური და ადგილობრივი სამზარეულს დაგემოვნება. გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე 850 მგზავრი იმყოფება. ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.