“აქაურობა დაამსგავსეს საღორეს” – ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე გოჭი გაასეირნა

გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გადათხრილ გამზრიზე გოჭი გაასეირნა. მისი თქმით, რასაც გამზირი დაამსგავსეს, იმის შესაბამისი ცხოველი მიიყვანა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ გადათხრილი გამზირის გამო, მოსახლეობასთან ერთად, პრობლემები მასაც ექმნება, რადგან მისი მშობლები ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობენ და მშობლებთან მისვლა უწევს.

“ყიფშიძეზე ცხოვრობენ ჩემი მშობლები, მამაჩემს აქვს გულზე ოპერაცია გაკეთებული და კვირაში ერთხელ მიწევს იქიდან გამოყვანა, რისთვისაც ორი საათი მჭირდება. ვერ შევდივარ და ვერ გამოვდივარ და ასე გრძელდება უკვე თვეებია. იმის გამო, რომ აქაურობა, რამდენიმე თვეა, დაამსგავსეს საღორეს. ჰოდა, რეაბილიტაციაც მესმის და ყველაფერი, მაგრამ ამდენი დრო თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს გორგასალს, რაც ჭავჭავაძეს დაახარჯეს”,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე ვიდეოში, რომელსაც თავად ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო. ამ თარითიდან ერთ წელზე მეტია გასული, თუმცა ჭავჭავაძის გამზირის სარებილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.