სამოქალაქო აქტივისტს, ალბი კორძაიას სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.
„მომისაჯეს 12 დღე. ამ ჩემი მწვავე მუცლით, სავარაუდოდ, იზოლატორიდან მალე ისევ საავადმყოფოში ამოვყოფ თავს. წავედი ჩავალაგებ,“ – წერს კორძაია.
ალბი კორძაია 2 სექტემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 2 სექტემბერს, ამ მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით, ჯამში, 23 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ.
ალბი კორძაიასთვის ეს რიგით მესამე ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება. აქტივისტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და არსებობს შანსი, რომ პატიმრობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება მან კლინიკაში გაიგო, სადაც სამედიცინო პროცედურებისთვის იმყოფებოდა. დღეს ის ზაჰესის იზოლატორთან საკუთარი ფეხით მივიდა.















