საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფრენები ინტენსიურად ხორციელდება. მისი ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება.
“საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები. ვხედავთ, რომ ფრენებიც ინტენსიურად ხორციელდება. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა იგივე ეგეოსის ავიახაზებთან. შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ ახლა გავედით ბოლოში. აგვისტოს ბოლომდე მინიმუმ ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება, კონკრეტულ თარიღს გამოვაქვეყნებთ. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც დღეს აწყობს საბერძნეთსაც და საქართველოსაც”, – აცხადებს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ Lufthansa-ს (კვირაში ორჯერ), Air France-ს (კვირაში ორჯერ) და Air Baltic-ს (კვირაში ერთხელ) მისცა. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს – Wizzar-ს და ryanair-ს ფრენების გაუქმება კიდევ ერთხელ მოუწიათ.
საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანაზე საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა, თუმცა მთავრობამ მაინც საზღვრების არგახსნის გადაწყვეტილება მიიღო. დიმიტრის კარაბალისის განცხადებით, ახსნას ვერ პოულობს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვრები.
მას ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უპასუხა და თქვა, რომ “გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან”. თურნავას აზრით, საბერძნეთის ელჩი ბერძნულმა ავიაკომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს.