აქტიურად ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი იქნება ნორმალურად – გახარია ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო პატიმრობაზე

საქართელოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ გამყოფ ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ სამთვიანი პატიმრობას მისჯას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ამ საკითხის მოსაგვარებლად ყველა ინსტრუმენტის გამოყენება მოხდეს.

„უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას აქვს და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად“,- განაცხდა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.