აქციების დროს დაკავებული ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვეს

აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა.  დღევანდელ პროცესზე კაციასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, დაცვის მხარე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მახრის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესზე  მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კაციას  მოწმე პოლიციელისთვის მატყუარას წოდების გამო შენიშვნა მისცა და “კორექტულობისკენ” მოუწოდა. კაციამ მოსამართლეს ასევე სანქციებზეც მიუთითა, რაზეც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უპასუხა, რომ “რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიღებულ გადაწყვეტილებებზე სასამართლოში არ საუბრობენ.”

“რაც შეეხება ბრალს, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ტყუილი და აქვე უნდა ვთქვა, რომ მე არავის ვალი არ მაქვს, ერთადერთი ვალი მაქვს – ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ქვეყნის სიყვარული, მათ შორის, ამ სიყვარულით დავიცვა ჩემი თავიც.მე ვუყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. ყველა, ვინც მე მასამართლებთ, ყველა ხელს უწყობთ, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, ყველა ხართ დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?!” – თქვა ნიკა კაციამ სასამართლოზე.

ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.