აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელი იარაღიანი პირი გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელი 16 წლის იარაღიანი პირი იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მიზეზად უწყებამ დაასახელა, რომ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც არ დადასტურდა, რომ იარაღი იყო ცეცხლსასროლი.

ადვოკატი მარიამ ჯიქია ფორმულასთან ამბობს, რომ ექსპერტიზის მიმართ ნდობა არ აქვთ.

“ექსპერტიზა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩატარდა, თუმცა შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც ნდობა გვაქვს, ნამდვილად თუ არა იარაღზე ექსპერტიზა, თუ არა. ამის გარდა, ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულია ბრალდებული, ესეც გავარკვიეთ, თუმცა აქვე ვაზუსტებ, რომ ინფორმაცია იმას გულისხმობს, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობა არ შეუტანიათ და არც 48 საათის განმავლობაში ყოფილა ბრალდებული დაკავებული იზოლატორში”, – ამბობს ადვოკატი.

საზოგადოებრივი მაუწყების მარშის მონაწილეებს ბესიკის ქუჩაზე არსებულ კაფესთან თავს 15 სექტემბერს დაესხნენ.

მარშის წევრმა გოტა ჭანტურიამ, ასევე აქციის მონაწილე სხვა თვითმხილველებმაც თქვეს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ჰქონდა იარაღი – მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ იარაღიანი პირი დააკავეს.