რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება, რადგან “ქართული ოცნების” დაპირებების არ სჯერათ. აღნიშნული მოთხოვნა, „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გააჟღერა და ასევე აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას მსგავსი დოკუმენტის გაფორმების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.
„მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, რომლითაც ამ „რუსულ ოცნებას“ აჩვენეთ, რომ არ დავიღლებით, არ დავნებდებით, სანამ შინ, ევროპაში არ ვიქნებით. გუშინ, ჩვენი ერთიანობით ბრძოლა მოვიგეთ და მათ უკან დაიხიეს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა. მათ სახელი გატეხილი აქვთ.
ხალხის ნება, ამ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია ხელისუფლების მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე. მის პოზიციას ვაფასებთ და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე, ამ კვირის დასაწყისშივე, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება. თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 და 8 მარტს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ, რამდენიმედღიანი მწვავე და მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტებ გამოთხოვილია ვენეციის კომისიიდანაც.