“ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება მანიფესტაციის დროს ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

შსს-ში შემუშავებული ინსტრუქციები, რომლებიც არეგულირებს შეკრებისა და მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს დონორ ორგანიზაციების ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებებში აქვთ მონაიწლეობა მიღებული და ისინი გადამზადებული არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და მის მიერ არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩვენი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ ყველა აქციის მონაწილეს: იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები ისევე, როგორც აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული”

 თქვა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თემურ კუპატაძემ.