თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიას არ აქვს უფლება, აქციის ჩატარება აკრძალოს, ან ნებართვა გასცეს. მისი თქმით, მოქალაქეების უფლებაა, 20 ივნისს აქცია ჩაატარონ.
“ჩვენ ვერავის ვერ დავრთავთ ნებას ან ვერ ავუკრძალავთ, ეს არის მათი უფლებაა, კონკრეტულ ლოკაციაზე ჩაატარონ აქცია, სადაც მოითხოვენ. თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს და ადამიანთა ჯგუფებს შემოტანილი აქვს კონკრეტულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის ნებართვა, მერია უფლებამოსილი და ვალდებულია, ეს იმ მხარეს აცნობოს, რომელსაც კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით წერილი შემოაქვს”,- თქვა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობასთან საპროტესტო აქციების გამართვის შეზღუდვას მიზნად არ ისახავს.
„არ მგონია მაგას სერიოზული პასუხი სჭირდებოდეს. როგორ ფიქრობთ, ვინმე ადამიანებს უზღუდავს თავიანთი პროტესტის გამოხატვას? ეს ხომ შეუძლებელია. ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ. უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროტესტი გამოხატონ და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა “სირცხვილიამ” გავრილოვის ღამის წლისთავზე, 20 ივნისს აქცია დაგეგმა. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, რუსთაველის მოედანზე იწვევენ მათ:
,,ვისაც გაწუხებთ:
- ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის;
- ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა;
- სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება;
- ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება;
- და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა
გელოდებით 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე, კვლავ რუსთაველზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ჩაიდინეს გასულ ზაფხულს და ისევ სირცხვილია”,- წერია აქციის აღწერაში.
მათივე ინფორმაციით, აქციაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაცული იქნება.