უკრაინაში ომის გამო რუსეთის ციფრულმა სამინისტრომ ციფრული პასპორტების გაცემის პროექტი შეაჩერა. პროექტი ტექნიკურად უკვე მზად იყო და ზოგიერთ რეგიონში ციფრული პასპორტების გაცემის დაწყება იგეგმებოდა. თუმცა, რუსეთის მთავრობა უკვე აღარ არის დარწმუნებული, რომ ელექტრონული პასპორტების დასამზადებლად საკმარისი პლასტმასი და ჩიპები ექნება. ამის შესახებ ფორბსი წერს.
თავდაპირველი გეგმების მიხედვით, 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის სამ რეგიონში ციფრული პასპორტების გაცემა უნდა დაწყებულიყო სმარტ ბარათის და QR კოდის შემცველი აპლიკაციის ჩათვლით. ასეთ დოკუმენტებზე უნდა შენახულიყო პიროვნების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. საპასპორტო მონაცემების გარდა, ციფრულ დოკუმენტში შეტანილი იქნებოდა თითის ანაბეჭდები, მართვის მოწმობა და სხვა ინფორმაცია.
გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მთავრობაში პროექტი გაურკვეველი ვადით გაიყინა. ამბობენ, რომ არსებული ვითარების გამო პროექტი პრიორიტეტებში აღარ არის და მისთვის ახლა აღარავის სცალია. ოფიციალურად ელექტრონული პასპორტების იდეაზე უარი “ფინანსური მიზეზებით“ ითქვა.
ციფრული პასპორტის ფასი 1000 რუბლი უნდა ყოფილიყო. ჟურნალისტების წყაროების ინფორმაციით, რუსეთის რეგიონების მაცხოვრებლები ამხელა თანხას არ გადაიხდიდნენ, რადგან ელექტრონული პასპორტი მათ არაფერში სჭირდებათ. სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ კრიზისის გამო ახალ პასპორტში ფულს არავინ გადაიხდიდა.
თუმცა, ფინანსური მიზეზების მიუხედავად, პროექტის შეჩერების მთავარ მიზეზად მაინც ელექტრონული მატარებლების დეფიციტი სახელდება: რუსეთს აღარ აქვს საკმარისი რაოდენობით პლასტიკური ბარათები და ჩიპები. რუსეთში ჩიპები საბანკო ბარათების გამოსაშვებადაც აღარ ყოფნით.