რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ხელისუფლების დილემაზე წერს, რომელიც არ აპირებს სააღდგომო ლიტურგიას და ხალხმრავლობას ხელი შეუშალოს საპატრიარქოს განაწყენების შიშით და მეორეს მხრივ ეპიდემიის გავრცელების ეშინია და ამის გამო დამატებით შეზღუდვებს აწესებს. დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას რჩევასაც აძლევს, თუმცა არ აქვს იმედი რომ მის რჩევას გაითვალისწინებენ:
“ხელისუფლება ვერ უბედავს ეკლესიას პირდაპირ მოთხოვოს საგანგებო მდგომარეობის დაცვა და სააღდგომოდ ხალხმრავალ შეკრებებზე უარისთქმა, რადგან არჩევნებში ჭირდება საპატრიარქოს მხარდაჭერა, ან მინიმუმ კეთილგანწყობილი ნეიტრალიტეტი მაინც. რა არ უნდა ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას და ის, რომ ეკლესია მტრად მოიკიდოს არჩევნების წინ.
მეორეს მხრივ ხელისუფლებაში იმდენი კი ესმით, რომ თუ ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და ათასებში გადავა, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. შედეგად მოხდება ხალხის უკმაყოფილების სერიოზული ზრდა და რაც აქამდე პოლიტიკური დივიდენდი აქვთ მოპოვებული ამ კრიზისის დროს, განრისხებული ამომრჩეველი ერთი ათად ამოადენს არჩევნებში.
შესაბამისად ხელისუფლება სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, რომ აღდგომის წინა და შემდგომი დღეები უხიფათოდ გადააგოროს, რისთვისაც აუცილებელია როგორმე მოახერხოს და არ დაუშვას მორწმუნე მრევლის ხალხმრავალი შეკრებები
მაგრამ ამას აშკარად და დაუფარავად ეწინააღმდეგება საპატრიარქო და პირადად პატრიარქი, რომელთან დაპირისპირებაც, როგორც ზემოთ ითქვა,ხელისუფლებას ცოცხალი თავით არ უნდა.
ისმის ლოგიკური კითხვა: რა ქნას ჭრელი პეპელას მდგომარეობაში მყოფმა ხელისუფლებამ?
ჯერჯერობით ის ცდილობს არც გაფრინდეს და არც მოფრინდეს, ანუ საპატრიარქოს მიმართ ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ დაცდეს და იმავდროულად როგორმე ხელი შეუშალოს მრევლის მისვლას ეკლესიებში: ტრიბუნას უთმობს ექიმებს, რომლებიც უკვე პირდაპირ მოუწოდებენ ხალხს, არ წავიდნენ ლიტურგიაზე, კრძალავს მსუბუქი მანქანებით გადაადგილებას (რაც მრევლზე და ბერზე მეტად ერს უქმნის პრობლემებს) და ა.შ.
ყოველივე ამის შედეგი კი ისაა, რომ
ა) ის ხალხი, ვინც პრინციპში ეთანხმება საგანგებო ზომებს, ბრაზდება ხელისუფლების უსუსურობაზე საპატრიარქოს მიმართ;
ბ) მრევლი, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა ეკლესიაში უნდა წასვლა, ბრაზდება ხელისუფლებაზე, რომელიც ბოლო მომენტში აჰყვა მასონებს და ლიბერასტებს და აბრკოლებს მორწმუნეებს;
გ) საპატრიარქო მაინც ბრაზდება ხელისუფლებაზე, რადგამ იქ არავის არ ჯერა, რომ ექიმებს ხელისუფლება არ აგულიანებს და აკრძალვების გამკაცრებაც მრევლის დაბრკოლებისთვის არ შემოაქვთ;
დ) და ბოლოს ხელისუფლება სერიოზულად აბნევს და გაურკვევლობაში ამყოფებს საკუთარ მომხრეებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა იმავდროულად პატრიარქის თაყვანისმცემელიცაა;
მოკლედ სიტუაცია ისეთია, რომ ხელისუფლება ყველა მიმართულებით წაგებაშია.
ჰოდა, პატივცემულო ხელისუფლებავ, ახლა მოგცემთ ერთ ოქროს რჩევას, არანაირი იმედი არა მაქვს რომ თქვენთან ამას ვინმე გაიგებს, მაგრამ მაინც ვცდი:
დროა გააცნობიეროთ, რომ ამ ვითარებაში არანაირად არ გამოვა საპატრიარქოც კმაყოფილი გყავდეთ და დაინფიცირების პროცესიც შეანელოთ. არანაირი შემოვლითი გზებით არ გამოგივათ ეს, პირიქით, ყველას გააღიზიანებთ. ამიტომ, რახან ვირუსის გავრცელების შესაძლო საფრთხე თავისი დამანგრეველი შედეგებით ათასჯერ აღემატება საპატრიარქოს წყენით წარმოქმნილ საფრთხეს (მათ შორის თქვენს მიმართაც) მოიქეცით ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად: ხალხზე კი ნუ გადაგაქვთ პასუხისმგებლობა, არამედ აიღეთ საკუთარ თავზე! ნუ უწევთ ანგარიშს საპატრიარქოს ამ საკითხში! ნუ ელაპარაკებით მათ ენის მოჩლექით და გააკეთეთ ის, რასაც აკეთებენ ცივილიზებული ქვეყნების თავმოყვარე მთავრობები, როდესაც რელიგიური ფანატიკოსები ნებით თუ უნებლიეთ საფრთხეს უქმნიან მოქალაქების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას: აღასრულეთ კანონის მოთხოვნები ღვთის სახელით მოქმედ ქვაბ-ავაზაკთა მიმართ!
ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის ამბავი კი ტყუილად ნუ გაწუხებთ. წასვლა თავის დროზე ყველა ვარიანტში მოგიწევთ და მე მგონი ჯობია მამა შალვა კეკელიას მსგავსი მღვდლები და ხათუნა საგინაშვილის მსგავსი მორწმუნეები გაანაწყენოთ, ვიდრე პანდემიის აფეთქებით გამოწვეულ უბედურებასთან ასოცირდებოდეს თქვენი სახელი.
მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ამის გამკეთებელი იყოთ, მაგრამ მე ჩემი გითხარით და აწი თქვენი საქმისა თქვენ იცით.“– წერს დავით ზურაბიშვილი.