აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ მღვდლები, იჩხუბეს, ერთმა მეორის მანქანა ჩაცხრილა – კობახიძე ყინწვისის ინციდენტზე

თეოლოგი ბასილ კობახიძის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა მამა დავით აქიაშვილმა მამა საბა ჟღენტის მანქანას ცეცხლის გაუხსნა, მის მანქანაში სხვა მღვდლებიც ისხდნენ.

,,შვიდი ტყვია დაახალა მამა დავით აქიაშვილმა მამა საბა ჟღენტის მანქანას, სადაც სხვა მღვდლებიც ისხდნენ, ისინიც გაწირა. აღდგომაზე ღორებივით დათვრნენ ეს მღვდლები და ჯერ მონასტერში იჩხუბეს, რასაც მიტროპოლიტი იობ აქიაშვილიც ესწრებოდა, მერე კომენდანტის საათის დარღვევით, მანქანებით გაეკიდნენ ერთმანეთს და ერთმა მღვდელმა მეორის მანქანა ავტომატიდან ჩაცხრილა”, – წერს კობახიძე.

მას აინტერესებს, რატომ არ მიეცნენ მღვდლები დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში, რომლებმაც მედიასთან იცრუეს, რომ არაფერი მომხდარა. მისივე თქმით, მამა დავითს მთავრობა ციხიდან მალე გაათავისუფლებს.

,,მედიამ უნდა მოსთხოვოს პასუხები მიტროპოლიტ იობს: რატომ ცრუობდნენ ის და მისი მღვდლები პირდაპირ ეთერში და მალავდნენ ამ ფაქტს? დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა მიეცენ პასუხისგებაში? რატომ არ დაადო საეკლესიო სასჯელი თავის შვილობილ მამა დავით აქიაშვილს?

მთავრობა მალე გამოუშვებს ბანდიტ მამა დავითს, რადგან თვლის რომ მრევლი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობაა. მრევლის ნებისმიერ წევრს რომ დავუსვათ კითხვა, არის სასჯელის ღირსი მამა დავითი? პასუხად მივიღებთ, რომ არა, რადგან მამაოს განკითხვა ცოდვაა, ჩვენ საკუთარ ცოდვებს უნდა მივხედოთ, უფალი მეფობს, ჩემი მამაო ასეთი არაა, ეკლესიას ებრძვით, ან უბრალოდ ხმამაღლა შემოსძახებს მამაო ჩვენოს”,- ამბობს კობახიძე.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი განძრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, 28 აპრილს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცნობისთვის, ყინწვისის მონასტრის მღვდლები მომხდარ შემთხვევას მალავდნენ. დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც ის ,,გულნატკენი და ნაწყენია”.