აღვკვეთეთ მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც რუსეთს ემუქრებოდა – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ ომის ყველა მიზანი “უპირობოდ შესრულდება”.

“კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სპეცოპერაციის ყველა დავალება უპირობოდ შესრულდება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, რუსეთის ყირიმის და მთელი ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლების უსაფრთხოების ისტორიული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად”,– თქვა პუტინმა.

მისივე მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა “აღკვეთეს რეალური საფრთხე”, რომელიც რუსეთს უკვე ემუქრებოდა.

“თავისი გმირობით, ჰეროიზმით აღკვეთეს მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც წარიმართებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, თუმცა სხვისი სცენარით.

ძალები, რომლებსაც ისტორიულად ჰქონდათ და აქვთ რუსეთის შეკავების კურსი, ზუსტად ისტორიულად, ასე იყო დიდი ხნის წინაც… რატომ აკეთებენ ამას? მათ მიაჩნია, რომ ასეთი ქვეყანა – დამოუკიდებელი, დიდი, უდიდესიც კი, არ არის საჭირო. ისინი ფიქრობენ, რომ ის მათთვის წარმოადგენს საფრთხეს, მხოლოდ თავისი არსებობით. თუმცა ეს ასე არაა. ისინი თავად არიან საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის”,– აღნიშნა პუტინმა.

მისივე მტკიცებით, რუსეთის ეკონომიკის განადგურების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.