პრემიერმა გახარიამ პირველი კომენტარი გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმეზე პირველი კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.გადაცემის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს დაუსვა კითხვა, რომელიც სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავებას შეეხებოდა.
“ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემაზე. შემიძლია, გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს აღკვეთილი ქვეყანაში, უმძიმესი დანაშაულია. მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში, სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია, აბსოლუტურად ღიად, ტრანსპარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულს კი არა, ბევრად უფრო მარტივ შემთხვევებს მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება, ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი იმაზე, რაც მოხდა და რა აღკვეთა სამართალდამცავმა სისტემამ. უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ სამართალდამცავ სისტემას შესაძლებლობა, საქმე სრულყოფილად, უსწრაფეს დროში გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. ამის შემდგომ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასება. სამწუხაროდ, ამას პოლიტიკური იერსახე დასდევს მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის დასრულებული გამოძიება. უნდა გვეყოს მოთმინება, დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.