უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის ძირითადი შეტევა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია.
მისი თქმით, 19 აპრილის დილით, დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქების ტერიტორიაზე ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე დაიწყო, მაგრამ ისინი საკმაოდ “საცდელია”.
“მაგრამ ეს იყო მათი მცდელობა [შეემოწმებინათ] ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე. მცდელობა წარუმატებელი იყო. ამიტომ ისინი გააგრძელებენ ამ მცდელობებს. როდის დაიწყება ე.წ დიდი შეტევა, ეს მხოლოდ დროის საკითხია.
მინდა აღვნიშნო – თუ ვინმე იტყვის, რომ ეს იქნება ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლა, მე არ ვიქნებოდი ასეთი ოპტიმისტური, წინ ბევრი განსხვავებული რამ შეიძლება იყოს, ეს არ იქნება ბოლო ბრძოლა”,– განაცხადა დანილოვმა Pravda-ს ცნობით.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი რაოდენობით ახალი რესურსების და რეზერვების მოპოვება ორიდან ოთხ კვირაში.
“არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი მტრის ძალა: დიდი ქვეყანა, ბევრი ხალხი, მაგრამ არც ისე ჭკვიანი. ისინი ისევ იქ არიან. გარდა ამისა, ბოლო დროს შევამჩნიეთ, რომ ფრონტზე ლიბიელები და სირიელები არიან – ე.წ დაქირავებულები. ამიტომ, საკმაოდ რთულია იმის თქმა, როდის ამოიწურება [ადამიანური რესურსი],– განმარტა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.